საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ახალგაზრდებმა ირაკლი კობახიძისგან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუდენტები გაეცნენ საპარლამენტო საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს და გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკას. სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკური საკითხებით.
შეხვედრაში დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში მცხოვრები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდებთან მსგავს შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
შეხვედრას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი ესწრებოდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების გამგებლები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები. პარლამენტში სტუდენტების სტუმრობა პარლამენტის წევრების, რიმა ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის ორგანიზებით განხორციელდა.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებისთვის პარლამენტის შენობაში საექსკურსიო ტური გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.