„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრებს შეხვდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება შიდა პოლიტიკური პროცესებზე.
„გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა ფრაქციის, სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებთან და ჩვენ მივაწვდით ყველანაირ სრულყოფილ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება. იცით, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაქვს აღებული, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და ამაზეც გვექნება საუბარი. დარწმუნებული ვარ, გვექნება საინტერესო შეხვედრები, რასაც ექნება კონკრეტული შედეგები. ძალიან დიდი ყურადღებაა არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ჩატარდება და როგორი იქნება საარჩევნო გარემო. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, აუცილებლად იქნება გამჭირვალე. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეეძლება, წარმოადგინოს თავისი ხედვა, გააცნოს მოსახლეობას, აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გადადგა ქვეყანამ, ყოველთვის ყველა არჩევნებს მოყვებოდა მაღალი შეფასებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან და ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ რომ დადებითი შეფასებები მივიღოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.