ირაკლი კობახიძე - სტატუსის წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილის აგიტაციის მიუხედავად, მაღალი ალბათობით, დეკემბერში მოგვენიჭება სტატუსი, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და ვიმედოვნებთ, დადებითად გადაწყდება
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის ბევრად მყარი საფუძველი გვაქვს, ვიდრე შეიძლება, თვეების წინ გვქონოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილის აგიტაციის მიუხედავად, მაღალი ალბათობით, დეკემბერში ქვეყანას მიენიჭება სტატუსი.
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ყოველ შემთხვევაში, ამის შანსები არის თვისებრივად გაუმჯობესებული და ეს დაეტყო ოპოზიციის რიტორიკასაც. თქვენ ხედავთ, რომ საბოლოო ჯამში, ისინი საუბრობენ კანდიდატის სტატუსის რაღაც მეორეხარისხოვან მნიშვნელობაზე. თავის დროზე, ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო ისტორიული შანსი, ისტორიული გადაწყვეტილება და დღეს საპირისპიროს ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არაფერს აღარ ნიშნავს. ეს რიტორიკაც იმაზე მიანიშნებს, რომ მწიფდება გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში აწარმოებდნენ საპირისპირო აგიტაციას. ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ გადაწყვეტილების მიმღებნი, რომ არ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. ამაში ამხილა კოლეგები მათმა ერთ-ერთმა კოლეგა ხათუნა სამნიძემ. სხვებმაც დაიწყეს ამაზე საუბარი, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით წელიწადის და მეტი ხნის განმავლობაში, იმაზე ალაპარაკდა ახლა ოპოზიციიის ნაწილი, რომ მიდიოდა პირდაპირი აგიტაცია სტატუსის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, მაღალი ალბათობით, ჩვენ მოგვენიჭება დეკემბერში კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის და იმედი გვაქვს, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.