ირაკლი კობახიძე - სრული თანხმობაა მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მივყვებით გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან
არის სრული თანხმობა როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში, შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძის თქმით, გუნდმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.
„პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთგზის გააკეთა განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ეხებოდა ამ კანონპროექტის ინიცირებას, აქედან გამომდინარე, აქ სივრცე სპეკულაციებისთვის არ არის. არის სრული თანხმობა როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში. შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან“, – აღნიშნა პრემიერმა.