ირაკლი კობახიძე - სრული სიცრუეა, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოლიტპატიმრებად იყვნენ მოხსენიებული სააკაშვილი, მელია და რურუა, საკუთარი პარტიების გარდა, მათ პოლიტპატიმრებად არავინ მოიხსენიებს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრული სიცრუეა, თითქოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სააკაშვილი, მელია და რურუა პოლიტპატიმრებად იყვნენ მოხსენიებული.
კობახიძის თქმით, ამ ადამიანებს საკუთარი პარტიები მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც აბსოლუტურად განსხვავებული რამაა.
„წლიდან წლამდე მეტ-ნაკლებად არ იცვლება ანგარიშის საერთო შინააარსი. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, გუშინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ფეიკი, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული როგორც სააკაშვილი, ასევე მელია და რურუა, რაც არის სრული სიცრუე. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანებს საკუთარი პარტიები მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ. ეს იგივეა, ანგარიშში ჩაიწეროს, რომ ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობს, რომ ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო. დაახლოებით ასეთი რამაა ჩაწერილი ამ ანგარიშში, რატომ იყო საჭირო ამ ანგარიშში ამის ჩაწერა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩაწერილია, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად არავინ მოიხსენიებს, საკუთარი პარტიების გარდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რატომ მოხვდა ანგარიშში სააკაშვილის საქმე, – კობახიძე პასუხობს, რომ ალბათ, ჰუმანური იქნებოდა, სააკაშვილი განებაჟებინათ არაჟნებთან ერთად და უკან გაეშვათ, მაგრამ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა.
„სააკაშვილი ალბათ არ უნდა დაგვეჭირა. ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ალბათ ჰუმანური ეს იქნებოდა, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა როგორც სისტემამ, როგორც უნდა ემოქმედა. ეს პირი იქნა დაკავებული, როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ფაქტია, რომ სააკაშვილისადმი წამება და არაჰუმანური მოპყრობა არ ყოფილა.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არავითარი წამება და არაჰუმანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ არ მომხდარა. ეს არის ფაქტი და ეს დაადასტურა თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. ისინი ამბობდნენ, რომ ამას გაასაჩივრებდნენ სტრასბურგში, სტრასბურგმა ვადაც კი დაუწესა ამისთვის, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა სტრასბურგში ამ საკითხის გასაჩივრება. შესაბამისად, „ნაცმოძრაობამ“ თავისთავად მისცა აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის მიმართ არც წამება და არც არაჰუმანური მოპყრობა არ მომხდარა. ყველაზე მთავარი მტკიცებულება ისაა, რომ მათ ვერ გარისკეს, ვერ გაბედეს სტრასბურგში შესაბამისი საქმის შეტანა. მტკიცებულება სახეზეა ყველამ იცის, რომ წამება, არაჰუმანური მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა არ მომხდარა, დანარჩენი არის ბრალდება, რომელსაც მარტივად გაეცემა პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხომ არ არის იმის საფუძველი, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ, კობახიძემ აღნიშნა: „სააკაშვილს შეფარდებული აქვს სასჯელი. რამდენი წელიც აქვს შეფარდებული, იმდენს მოიხდის, კანონის შესაბამისად. ანგარიშთან ადამიანის მკურნალობა რა შუაშია. მკურნალობის საფუძველი არის ხოლმე დიაგნოზი. ეს ანგარიში კი არის არა დიაგნოზი, არამედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. თუ იქნება შესაბამისი დიაგნოზი, იქნება მკურნალობაც. თუ არ იქნება დიაგნოზი, არ იქნება მკურნალობა“, – განაცხადა კობახიძემ.