ირაკლი კობახიძე - სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენი ოლიმპიელებისთვის პრემიებთან დაკავშირებით, იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზეც
ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი – ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარიზის 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარალიმპიური სპორტის ხელშესაწყობად და პარასპორტსმენებს პარიზში ასპარეზობისას წარმატებები უსურვა.
„იცით, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს ზოგადად ქართული სპორტის დასახმარებლად, მათ შორის, ეს პარალიმპიურ სახეობებსაც შეეხება. 2012 წლამდე სპორტის ორ სახეობაში მხოლოდ სამი სპორტსმენი გვყავდა, თანდათანობით ვითარდება პარაოლიმპიური სახეობები და დღეისთვის პარალიმპიური კომიტეტი 15 სახეობაში მოასპარეზე 350 სპორტსმენს აერთიანებს. ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ასეთი მაჩვენებელი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე – ექვს სახეობაში 14 პარასპორტსმენი იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი – ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარალიმპიურ თამაშებზე თქვენი წარმატებისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება. ჩვენი მზერა თავიდან ბოლომდე თქვენკენ იქნება მოპყრობილი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულები დაგვიბრუნდებით თბილისში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.