ირაკლი კობახიძე - სპიკერობის კანდიდატს მძიმე დანაშაული თუ არ აქვს ჩადენილი, საერთო წესი არსებობს, რომ ხმას წინააღმდეგ არ აძლევენ
სპიკერობის კანდიდატს თუ კაცი არ ჰყავს მოკლული და რაიმე მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ამ შემთხევაში საერთო წესი არსებობს, რომ ასეთ კანდიდატს ხმას წინააღმდეგ არ აძლევენ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას ოპოზიცია ან მხარს უჭერს, ან ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.
„ეს მარტივი წესი დაირღვა, რაც შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ შეიძლება პოლიტიკური გამოცდილება აკლიათ, ახალი პოლიტიკოსები და დეპუტატები არიან. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს მარტივი პოლიტიკური თამაშები, რომლის განხილვაშიც არ შევალთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.
კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ გუშინ აირჩიეს. მას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მისცეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა.