ირაკლი კობახიძე - სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციამ შეიძლება დააბრკოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება
ირაკლი კობახიძე - სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციამ შეიძლება დააბრკოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება

დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი და უნგრეთი ერთმანეთთან შეთანხმდებიან. ეს საკითხი, ასეც და ისეც, საქართველოს თემაზე არ უნდა აისახოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციამ შეიძლება დააბრკოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება.

„12 რეკომენდაციის ფარგლებში ათჯერ მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ახლა მოგვეთხოვება. თუ ათჯერ მეტი გავაკეთეთ, ბუნებრივია, ათჯერ ნაკლებსაც გავაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან ცარიელი სპეკულაციები გვესმის. რაც შეეხება ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ერთმანეთთან შეთანხმდებიან. ეს საკითხი, ასეც და ისეც, საქართველოს თემაზე არ უნდა აისახოს. მით უმეტეს, რომ შარშანდელი გამოცდილებაც გვაქვს. შარშან უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მისცეს, საქართველოს – არა. არავის უგულისხმია, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავდა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. პირიქით, ერთმანეთისგან გამიჯნეს. თუ შარშან გამიჯნეს, წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში? ეს ასე არ არის და სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციამ შეიძლება დააბრკოლოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება. ბუნებრივია, საქართველოს საკითხი ცალკე განიხილება, ისევე როგორც მოლდოვისა და უკრაინის“, – განაცხადა კობახიძემ.