ირაკლი კობახიძე - „სოროსის ფონდის“ თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად, ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება
სამწუხაროდ, „სოროსის ფონდის“ თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად. ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამების მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის ქმედება ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელებაა. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვანო ჩხიკვაძის ქმედებაც არის ზუსტად ამ ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის უკან რა დგას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის არეულობის მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – არავითარი საფუძველი არ აქვს ამას. საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. არსებობს ძალიან მარტივი კრიტერიუმები, ეს არის სამართლის უზენაესობა და დემოკრატია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება, ეკონომიკური თანამშრომლობა, ზოგადად ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მით უმეტეს, თუ ეს სტატუსი მიენიჭება უკრაინას და მოლდოვას. ამ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ალბათ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს, პირველ რიგში მათ ზრახვებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრამების მენეჯერმა, ვანო ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიოლის ფონდის წარმომადგენელთან ერთად მომზადებულ სტატიაში ევროკავშირს მიმართეს რეკომენდაციით, რომ საქართველოს არა კანდიდატის, არამედ პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს