ირაკლი კობახიძე - სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად აღიდგინონ პანდემიით მიყენებული სოციალური ზიანი
პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილი სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პანდემიამ ეკონომიკური სირთულეები შექმნა და ამას სჭირდება პასუხი.
„ჩვენი პასუხი პირველ რიგში არის სოციალური დახმარება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივია, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.
17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.
150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.