ირაკლი კობახიძე - სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით იყო სირთულეები, თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, რათა ბავშვებმა თავიანთ სახლებთან ახლოს იარონ სკოლებში
იყო გარკვეული სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით, თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, რათა ბავშვებმა სახლებთან ახლოს იარონ თავიანთ სკოლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამ სფეროში გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა და ყველაფერი გაკეთდება, რომ ტემპები მაქსიმალურად დაჩქარდეს.
„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და აქ საჭიროა სერიოზული ცვლილებები. საჭიროა პროცესის ინტენსიურად გაგრძელება. იყო გარკვეული სირთულეები ტემპების კუთხით, შესაბამისად, გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა ამ სფეროში. ყველაფერი გაკეთდება, რომ ტემპები მაქსიმალურად დავაჩქაროთ. არის არაერთი პრობლემური შემთხვევა, როდესაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, მოსწავლეებს უწევთ სხვა სკოლებში სიარული. ტემპები არის საკმაოდ დასაჩქარებელი. გორში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში არის სხვადასხვა შემთხვევა. მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, რათა ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში“, – განაცხადა პრემიერმა.