ირაკლი კობახიძე - სჯობს, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ყველა დაელოდოს პროკურატურის დასკვნას და შემდეგ იმსჯელონ სხვა ტიპის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით
სჯობს, ყველა დაელოდოს პროკურატურის დასკვნას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე და შემდეგ იმსჯელონ სხვა ტიპის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიხედვით, მიმდინარე გამოძიების პარალელურად პარლამენტში საგამოძიებო კომისიები არ იქმნება, რადგან გამოძიებას ახასიათებს კონფიდენციალურობის მნიშვნელობა და არის რისკი, ინფორმაცია გარეთ გავიდეს.
„მე ვიცი, ვაშაძესთან დაკავშირებით რა ხდება. იყო დამთხვევა, რომ მაინცდამაინც მისი ძმის ფართი იქირავა მაინცდამაინც არახამიას ძმამ იმისთვის, რომ სავარაუდო ქოლცენტრი მოეწყო იმ კონკრეტულ შენობაში. ამაზე ვიმსჯელოთ პირველ რიგში. გვახსოვს ვაშაძის ე.წ. სკანდალური გაცხადებები. ის ცდილობს, უბრალოდ გადაფაროს თავისი სკანდალი და ეს იქნება მორიგი უსუსური მცდელობა, რომ გადაიფაროს მისი სკანდალი.
მიზანი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მათ შორის ის, რომ გამოძიების თაობაზე ის ინფორმაცია გახდეს მათვის ხელმისაწვდომი, რომელიც, წესით, არ უნდა გახდეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიები არ იქმნება მიმდინარე გამოძიებასთან ერთად. რატომ? რადგან გამოძიებას ახასიათებს კონფიდენციალურობის მნიშვნელობა და ასეთ დროს, გამოძიების პარალელურად როცა იქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, არის იმის რისკი, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია გავიდეს გარეთ, ასეთ დროს პრობლემა ექმნება გამოძიებას. რა თქმა უნდა, მათ ინტერესებშია, რომ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას შეექმნას პრობლემები. შეგახსენებთ, ეს გამოძიება წარმოებს როგორც ქართული პროკურორების, ასევე გერმანელი პროკურორების ერთობლივი ჩართულობით. პირველ რიგში, სჯობს, ყველა დაელოდოს პროკურატურის მიერ დადებულ დასკვნას და შემდეგ იმსჯელონ სხვა ტიპის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით.
ასევე, თქვენ მოისმინეთ გახარიას პარტიის წარმომადგენლებისგან სპეკულაციები, თითქოს ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი. მინდა, შეგახსენოთ, როგორც გამოძიებიდან ირკვევა, როდესაც დაიწყო კეზერაშვილმა ეს საგმირო საქმე საქართველოში, მაშინ შსს მინისტრი იყო გახარია, შემდეგ – პრემიერ-მინისტრიც. გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ამ დანაშაულის თაობაზე და სწორედ მის თვალწინ ხდებოდა ამ დანაშაულის ჩადენა კეზერაშვილის მიერ. ასეთ აბსურდში არიან შესული და აქ როგორ შეიძლება, რამეში გაჰყვე რადიკალურ ოპოზიციას, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.