ირაკლი კობახიძე - სიმბოლურია, რომ პარლამენტში საბჭოური ინტერვენცია განახორციელა ელენე ხოშტარიამ, დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტმა
ირაკლი კობახიძე - სიმბოლურია, რომ პარლამენტში საბჭოური ინტერვენცია განახორციელა ელენე ხოშტარიამ, დიპლომით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტმა

ნაციონალმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში, – ასე აფასებს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დღეს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვას.

კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების აღნიშნულ ქმედებას ნაციონალი კოლეგების საბჭოური ინტერვენცია უწოდა.

„მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო ჩვენი ნაციონალი კოლეგების საბჭოურ ინტერვენციას საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები საქართველოში თავისი ღირებულებებით, უპირველეს ყოვლისა. სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს, მისი განმტკიცების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მძიმე და სამწუხაროა. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსეთის ჰიმნი ჩართეს. დეპუტატები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წლიური ანგარიშის წარდგენისას პოლიტიკურ ოპოზიციაზე საუბრობდა.