ირაკლი კობახიძე - „სიენენის“ ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული კითხვა, კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული
„სიენენის“ ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა, კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
„ორიოდე დღის წინ „სიენენის“ ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას.
„სიენენი“ არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, „სიენენის“ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.
საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ვნახოთ, რა ხდება სინამდვილეში:
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ შვიდი პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში – 27 პროცენტით, თურქეთში – 35 პროცენტით, აშშ-ში – 36 პროცენტით, ბულგარეთში – 67 პროცენტით, სომხეთში – 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში – 148 პროცენტით. რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც „სიენენის“ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს უტყუარად ადასტურებს;
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 (!) პროცენტს შეადგენს. ამ ფონზე, როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია;
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გატანილი საქონლის 3/4-ზე მეტი ალკოჰოლურმა და არაალკოჰოლურმა სასმელებმა, სოფლის მეურნეობის პროდუქციამ და ფეროშენადნობებმა შეადგინა;
ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან. ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში – 24 პროცენტით, იტალიაში – 100 პროცენტით, საფრანგეთში – 84 პროცენტით, ნიდერლანდებში – 51 პროცენტით, ბელგიაში – 78 პროცენტით, უნგრეთში – 132 პროცენტით, საბერძნეთში – 142 პროცენტით, ესპანეთში – 51 პროცენტით, ავსტრიაში – 139 პროცენტით, სლოვაკეთში – 71 პროცენტით, ბულგარეთში – 116 პროცენტით, რუმინეთში – 55 პროცენტით, ჩეხეთში – 31 პროცენტით, სლოვენიაში – 346 პროცენტით, ხორვატიაში – 68 პროცენტით, კვიპროსში – 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში – 262 პროცენტით.
როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც ამავე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა.
ეს არის ჩემი კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხი ცრუ ბრალდებაზე, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ექსპორტით „სულის მოთქმას“ და სანქციების გვერდის ავლას შეეხება“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.