ირაკლი კობახიძე - სიძულვილის, ბოროტების დასრულებაზე როცა საუბრობ და იქვე ვიღაცებს ბოროტს უწოდებ, ბუნებრივია, ეს ფარისევლობაა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას მონოლოგს ეხმაურება და ერთგვარ შერიგებასთან დაკავშირებულ მის განცხადებას ფარსს უწოდებს.
„დასაწყისი ვნახე. საუბარი დაიწყო, რომ დიდი შერიგება უნდა მოხდესო და იმავე მონოლოგში, მაგალითად, თამარ ჟვანია გამოაცხადა გამყალბებლად, ფოტოს ჩვენებით და ძალიან მძიმე კონტექსტით, ხოლო თეა წულუკიანს უწოდა ბოროტი ქალი. საკუთარი თავი გამოამჟღავნა იქვე – ეს ხომ ფარსია და ყველა ხვდება, რომ ეს არის აბოლუტური ფარსი. როცა საუბრობ იმაზე, რომ სიძულვილი, ბოროტება უნდა დამთავრდეს და იქვე ვიღაცებს ასეთი ეპითეტებით ამკობ, ბუნებრივია, ჩანს, რომ ეს არის ფარისევლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ „უარს ამბობს ზიზღსა და სიძულვილზე ყველას მიმართ, ვინც ეს გრძნობა მასში გააჩინა“.