ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისას არ იშლის, შშმ პირის კამპანიური ღონისძიებისთვის გამოყენება მძიმე შემთხვევაა
მძიმე ფაქტია, როდესაც შშმ პირს იყენებ, რათა რაღაც კამპანიური ღონისძიება დაგეგმო, ეს პოლიტიკური პარტია თავისას არ იშლის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ თერჯოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შშმ პირს აიძულა, „ქართული ოცნების“ მაისური და პლაკატები დაეხია. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსგავსი ფაქტი საზოგადოებას ყველასთვის ნაცნობ ციხის კადრებს ახსენებს.
კობახიძის თქმით, ასეთ„უმსგავსო“ შემთხვევას მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების დროს გასცემენ პასუხს.
„თავისთავად, მძიმე ფაქტია, როდესაც შშმ პირს იყენებ, რათა კამპანიური ღონისძიება დაგეგმო, ეს პოლიტიკური პარტია თავისას არ იშლის. ამ ფაქტმა ბევრს ცნობილი ციხის კადრები გაახსენა. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური პარტია ვერ იშლის თავისას, რაც არის მათი ბუნება, ისე მოქმედებენ ახლაც, ამ საარჩევნო პროცესში. ძალიან მძიმე ფაქტია და ეს იქნება ერთ-ერთი გარემოება, რაზეც ხალხს ექნება რეაგირება 31 ოქტომბერს. ბუნებრივია, ამ უმსგავსობას პასუხი გაეცემა აუცილებლად 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.