ირაკლი კობახიძე - შს მინისტრთან კითხვა-პასუხმა გამიმყარა რწმენა, რომ ღამის კლუბებში საპოლიციო ოპერაციის მიზანი იყო ლეგიტიმური, ჩარევა - თანაზომიერი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ღამის კლუბებში საპოლიციო ოპერაციის შესახებ შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგან ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია.
მისი თქმით, პარლამენტში შს მინისტრთან კითხვა-პასუხმა მას გაუმყარა რწმენა, რომ ამ ოპერაციების მიზანი იყო ლეგიტიმური, ჩარევა – თანაზომიერი.
„მე მქონდა წინასწარი ინფორმაცია ბატონი გიორგისგან ამ ოპერაციის თაობაზე, დეტალების თაობაზე და მაშინ აღვნიშნე, რომ ჩემი წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ამ ოპერაციებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო, ასევე, პროპორციული. ეს რწმენა მე დღეს გამიმყარა იმ მოხსენებამ, რომელიც მოვისმინე და განსაკუთრებით, კითხვა-პასუხმა, რომელიც მოვისმინე დღევანდელ სხდომაზე. იყო არაერთი ინფორმაცია, დეტალები მოწოდებული ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი სწორედ, მეტყველებს მიზნის ლეგიტიმურობაზე და ასევე, ჩარევის პროპორციულობაზე.
ის ფაქტები, აქ საუბრობდნენ კოლეგები, არცერთი სხეულის დაზიანება, თუნდაც, მსუბუქი, არცერთი საჩივარი ომბუდსმენთან, გენინსპექციაში და ასე შემდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიცია მოქმედებდა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად და იყო ჰუმანურობის მაღალი სტანდარტი გამოვლენილი ამ ოპერაციის ჩატარების დროს. მე ველოდებოდი დღეს, რომ ოპოზიცია ძალიან აქტიურად დასვამდა კითხვებს ამ ოპერაციებთან დაკავშირებით, თუმცა, ვხედავდით, რომ მაქსიმალურად არიდებდა ოპოზიცია თავს ამ ოპერაციებთან დაკავშირებით კითხვების დასმას და ხშირად ხდებოდა აქცენტის გადატანა სხვა საკითხებზე.
რეალურად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კითხვა-პასუხმა გამიმყარა აბსოლუტურად ის რწმენა, რომ მიზანი იყო ლეგიტიმური და კიდევ ერთხელ, ჩარევა იყო თანაზომიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.