ირაკლი კობახიძე - შრომის უსაფრთხოების კანონმა სტატუსი უნდა შეიცვალოს და ორგანული კანონი გახდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, შრომის უსაფრთხოების კანონმა სტატუსი უნდა შეიცვალოს და ორგანული კანონი უნდა გახდეს, რაც დაცვის სტანდარტს გააუმჯობესებს. ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე ტყიბულში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მისაღებია კონკრეტული ზომები, რათა შრომის უსაფრთხოებაზე მაღალი სტანდარტი დაიგეგმოს.
„ამ თვალსაზრისით ვალდებულებები გვაქვს აღებული, მათ შორის ევროკავშირის წინაშე. მთავარია, ეს ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს და ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდეს, რათა მომავალში ასეთი შედეგები თავიდან ავირიდოთ. რამდენიმე კანონპროექტი უკვე მივიღეთ, ჰარმონიზაციის პროცესში დაწყებულია მსჯელობა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. შრომის უსაფრთხოების კანონმა სტატუსი უნდა შეიცვალოს და ორგანული კანონი უნდა გახდეს, რაც გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. სტატუსის ცვლილების გარდა, მნიშვნელოვანია, კანონის შინაარსი შეიცვალოს. ამაზე მუშაობა დაწყებულია და სექტემბერში ახალი ვერსია იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.
მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.