ირაკლი კობახიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არასწორი და ჩემთვის გაუგებარი მოთხოვნაა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა არასწორია.
როგორც პირველ არხს კობახიძემ შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით ზაზა სარალიძის მოთხოვნაზე განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
„ეს არასწორი მოთხოვნაა და სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ამის თქმა მიწევს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიებაში არის ჩართული თავიდან ბოლომდე, მისი კომპეტენციის ფარგლებში. შინაგან საქმეთა მინისტრი პირადად მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულად ამ საქმეზე”, – განაცხადა კობახიძემ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, პარლამენტის წინ გუშინ გამართულ აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა.