ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს და გრიგოლ ვაშაძემ შესაძლოა, მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს
შიდა კვლევებით, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით განვაცხადე დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც ბუნებრივია, არავისთვის არ არის სიურპრიზი.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს არჩევნებში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ადასტურებს შიდა კვლევები. ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. Edison Research-ის კვლევების საშუალებით. ეს არის რეალური სურათი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, romსალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებისთვის არ არის გასაკვირი და ყველასთვის ბუნებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ვაშაძეს, ეს არის ბოლო დროინდელი ტენდენცია, ის შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დარწმუნებული ვარ, ამას უკავშირდება ის ისტერიული ფონი, რომელ ფონზეც გააკეთა ნიკა გვარამიამ ეს ფაშისტური განცხადება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ არ ასაჯაროვებს „ქართული ოცნება“ შიდა კვლევებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია როდესაც შიდა კვლევას ატარებს, ეს არის პარტიის კვლევა და შესაბამისად, მისი საზოგადოებისთვის წარმოჩენა ნიშნავს შიდა სამზარეულოს გარეთ გატანას.
„ეს არის სწორი და ბუნებრივია, ნდობა ვერ იქნება პარტიული კვლევის მიმართ მაღალი, ამიტომ არ არის Edison Research-ის კვლევის მიმართაც მაღალი ნდობა, რადგან ყველამ იცის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ყველა პარტიამ თავის შიდა კვლევა თავისთვის უნდა შეინახოს. ეს შიდა კვლევები ტარდება იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ საარჩევნო კამპანია, სწორად გავაკეთოთ საჯარო განცხადებები. ვიცით, რა შედეგს ველოდებით ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ვიცით, დაახლოებით როგორ გადანაწილდება მეორე-მესამე ადგილები და სერიოზული რისკი აქვს ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რომ ის ვერ გავა საერთოდ მეორე ადგილზე, ეს ქმნის იმ ისტერიულ ფონს, რა ფონზეც გაკეთდა ნიკა გვარამიას განცხადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.