ირაკლი კობახიძე - 2012 წელს შევძელით გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არადემოკრატიული ხელისუფლება დემოკრატიული ხელისუფლებით ჩავანაცვლეთ
ჩვენს ქვეყანას გასული წლის განმავლობაში ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც ჩვენი ხელისუფლების, ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, 2012 წელს მოხდა გარდატეხა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არადემოკრატიული ხელისუფლება დემოკრატიული ხელისუფლებით შეიცვალა.
„ეს იყო ფუნდამენტური ცვლილება და გარდატეხა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არამარტო შევინარჩუნოთ ეს მიღწეული შედეგი, არამედ კიდევ უფრო მეტად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანა ვითარდება ყველა მიმართულებით, ჩვენთვის უმთავრესი მონაპოვარია, რა თქმა უნდა, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ეს იყო მთავარი მიღწევა 2012 წელს და ჩვენი ამოცანაა, რომ, კიდევ უფრო, გავამყაროთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია. კიდევ უკეთესად დავიცვათ ადამიანის უფლებები და კიდევ უფრო მეტი თავისუფლება მივანიჭოთ ჩვენს საზოგადოებას და ამ მიმართულებით გვაქვს მუდმივი წინსვლა.
ასევე, თქვენი დამსახურებით, თქვენი ჩართულობით ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ჩვენს ქვეყანას გასული წლის განმავლობაში ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებს შორის, რაც არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ძალიან კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფუნდამენტური მიღწევებია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
„თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო საქართველოში 2008 წლის შემდეგ, განსაკუთრებით, და იმ პერიოდის შემდეგ ჩვენთან მნიშვნელოვნად გაიზარდა სტაბილურობის ხარისხი, გაუმჯობესდა ვითარება უსაფრთხოების კუთხით, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის იმ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება „ქართული ოცნების“ მიერ საგარეო პოლიტიკის სფეროში. ეს არის რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანიც არის ჩვენი სტაბილურობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება.
ჩვენ გვქონდა ორი წლის წინ იმის საშუალება, რომ შეგხვედროდით კონფერენციის ფორმატში და მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმ გეგმებზე, რომელიც ჰქონდა პარტიას დასახული პარტიის გაძლიერების კუთხით, ქვეყნის განვითარების კუთხით და რაც შეეხება კონკრეტულად პარტიის გაძლიერებას, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ გაცემული ყველა დაპირება იქნა სათანადოდ შესრულებული. ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური აპარატის გაძლიერება, მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით რეგიონალური სამსახურის გაძლიერებას და ეს ამოცანა იქნა სათანადოდ შესრულებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, მისივე თქმით, მათთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების გაძლიერება და ეს მიზანიც განხორციელდა.
„ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ სათანადოდ მომზადებული შევხვედროდით ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის განახლება. კონფერენციების შემდეგ გახსოვთ ჩატარდა ყრილობა, სადაც ავირჩიეთ პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, „ქართული ოცნება“ წარსდგა განახლებული შემადგენლობით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ეს ცვლილებები გახდა ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ჩვენი საარჩევნო წარმატებისათვის.
ასევე, ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა იყო ის, რომ დამოუკიდებლად უნდა მიგვეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ იყო კოალიცია „ქართული ოცნება“ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტიის სტატუსით, პარტიის რანგში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება და ეს მიზანიც სათანადოდ განხორციელდა და ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ჩვენი საარჩევნო წარმატების იყო სწორედ ის, რომ პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებლად მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა.
ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, რაც გვაძლევს ქვეყნის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, 2017 წლის ადგილობრივი, მუნიციპალური არჩევნები, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ეს იყო ის დაპირებები, რომელიც გაიცა მაშინდელ კონფერენციაზე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო თამამად, რომ ეს დაპირებები სათანადოდ იქნა შესრულებული ჩვენს მიერ, რაც არის ჩვენი პარტიის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლის ძალიან მყარი საფუძველი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.