ირაკლი კობახიძე - შეუძლებელია, სააკაშვილის დაბრუნებამ გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ბოლო 600 დღის განმავლობაში მან საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა
ირაკლი კობახიძე - შეუძლებელია, სააკაშვილის დაბრუნებამ გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, განსაკუთრებით ბოლო 600 დღის განმავლობაში მან საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა

სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას ვერც ასეთი და ვერც ისეთი გავლენა ვერ ექნება პოლიტიკურ პროცესებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა, განსაკუთრებით ამ ბოლო 600 დღის განმავლობაში, მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია.

„მან წარმოაჩინა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ, როგორც მატყუარამ. ეს ისედაც იცოდა მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგრამ ასეთი ტყუილი აკადრა საზოგადოებას, ამის შემდეგ შეუძლებელია, რომ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ პოლიტიკაზე რაიმე გავლენა მოახდინოს.

სააკაშვილმა დაძლია დემენცია, რომელიც მანამდე ითვლებოდა დაუძლეველ დაავადებად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სრული ფარსი იყო, პირდაპირ გვატყუებდნენ. გაიხსენეთ, მთელი ოპოზიცია რომ იყო ჩართული ამაში. გასაგებია, „ენჯეოები“ რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, ოპოზიციის ტელევიზიები რომ იყვნენ ჩართული, ესეც გასაგებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ფარსში იყო ჩართული ადამიანი, რომელსაც ერქვა სახალხო დამცველი. მისი ექიმები პირდაპირ იტყუებოდნენ ამ თემასთან დაკავშირებით და ასევე, უცხოელები. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, საბოლოო ჯამში, და ამ ტყუილში შეგნებულად იყო ჩართული თითოეული ეს სუბიექტი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. მათ რომ ჰქონდეთ ღირსება, ბოდიშს მოუხდიდნენ ქართულ საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ ტყუილში და ფარსში იყვნენ ჩართული, თუმცა ვხედავთ, რომ არავითარი ბოდიში მათგან არ ისმის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.