ირაკლი კობახიძე - შეუძლებელია, ოლიგარქების პრობლემა სრულად გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მთავრობის მიერ კონსულტაციების საფუძველზე დამტკიცდება.
კობახიძის თქმით, კონსულტაციების მიზანია, განსხვავებული პოზიციები შეჯერდეს.
„დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა კონსულტაციების საფუძველზე ცოტა ხანში მთავრობის მიერ დამტკიცდება და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე დაკვირვებაც სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან. დანარჩენი აღსრულების საკითხია. გეგმის საბოლოოდ დამტკიცებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე. მთავრობა წარმართავს ამ პროცესს და ალბათ კონსულტაციებიც შედგება. ზოგადად, კონსულტაციები მნიშვნელოვანია. ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები. კონსულტაციების მიზანია, განსხვავებული პოზიციები შეჯერდეს. სწორედ ამას ემსახურება, მათ შორის, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც იმართება. გაგრძელდება ასეთი კონსულტაციები, მათ შორის კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, როგორებიც არის, მაგალითად, საარჩევნო საკითხები, სასამართლო საკითხები და ასე შემდეგ. მთავარია, პოზიციების შეჯერება მოხერხდეს. სხვადასხვა მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება თუ იქნება, ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მოხერხდება პოზიციების შეჯერება ბევრ თემასთან დაკავშირებით. ბევრ თემასთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსის პერსპექტივა. გახსოვთ, 12 პუნქტზე როცა მიმდინარეობდა მუშაობა, ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაც ერთად განვიხილეთ. ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და, საბოლოო ჯამში, სწორედ ამის ხარჯზე ევროკომისიამ მოგვცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი არის მომზადებული. ბოლო ეტაპზეა განხილვები და ამის საფუძველზე დამტკიცდება საბოლოო სახით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას. ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში პარტიების დაფინანსების საკითხი ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე აისახა.
„კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას რაც შეეხება, ანუ იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია თუ იქნება, შესაბამის სტრუქტურებს მიმართონ. მათ ეს ცვლილებები თუ არ მოსწონთ, მაშინ საქმე ექნებათ სწორედ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ჩვენ არ უნდა გავყოლოდით პერსონალიზებულ მიდგომას. შემდეგ ეს გაიზიარა ევროკომისიამ და სწორედ ამის გამო ჩვენ აღარ მივიღეთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომას და შემოგვთავაზეს სისტემური მიდგომით წავსულიყავით წინ. ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ასე შემდეგ. ეს არის ე.წ. სისტემური მიდგომა, რაც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ ევროკომისიამ და ზუსტად ამ სისტემური მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა, დამტკიცდება სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად ვერ გადაჭრის პრობლემას, თუმცა გარკვეულ პროგრესს შემოიტანს.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა გადაჭრის ოლიგარქების პრობლემას პოლიტიკაში. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ალბათ ისინი გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე, გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული. ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები და ასე შემდეგ ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ შეუძლებელია, ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. კოსმეტიკური არ არის, უბრალოდ, სრულად ვერ გადაჭრის ოლიგარქების პრობლემას, თუმცა გარკვეულ პროგრესს შემოიტანს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.