ირაკლი კობახიძე - შენდება 11 იუსტიციის სახლი, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი
წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა და ამით ყველა მნიშვნელოვან პუნქტში დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი.
„წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად. ცალკე გამოვყოფ იუსტიციის სახლებს, ბოლოს სამტრედიაში გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი. მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მობილური იუსტიციის სახლების პროექტი. მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. აღსანიშნავია, რომ მობილური იუსტიციის სახლები კვირის განმავლობაში ერთდროულად ემსახურება 90 სოფელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოხსენებისას პრემიერმა ისაუბრა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზეც, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი და ამ სამუშაოების ნახევარი სწორედ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.
„ასევე მნიშვნელოვანი პროექტია მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით უკვე აიზომა მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი; მათ შორის, ნახევარ მილიონზე მეტი აიზომა ამ საანგარიშო პერიოდში. დღეში საშუალოდ 3 500–4 000 მიწის ნაკვეთი იზომება, დაახლოებით, 2 700 კი ყოველდღიურად რეგისტრირდება. ძალიან დიდი სამუშაოა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს და მადლობა ამისთვის იუსტიციის მინისტრს“, – განაცხადა პრემიერმა.