ირაკლი კობახიძე - შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები, რისთვისაც საუკეთესო ფორმატი არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
„მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები იქნება მსჯელობის საკითხი. ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოლიტიკური პროცედურა, შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის.
დეტალურად ვიმსჯელებთ პროცედურასა და კრიტერიუმებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არიან წარმოდგენილი. იურიდიულად, მოსამართლეთა კანდიდატთა სიის გაწვევა არის შეუძლებელი. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი, ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა თუ თუნდაც მთავრობის ან გენერალური აუდიტორის კანდიდატის. შესაბამისად, სიის გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურასა და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი არიან დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.
„არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება ახალი სია წარმოდგენილი. როგორ განახლდება სია, ეს არის ტექნიკური დეტალი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ძველი სიის ფორმალურად ჩაგდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათკაციანი სია 2018 წლის დეკემბერში წარუდგინა.