ირაკლი კობახიძე - შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ზუგდიდში არსებული ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში თავდამსხმელის მიერ მძევლების აყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ასეთი ვითარებაც კი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს.
ამასთან, მისივე შეფასებით, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას გარკვეული მედიასაშუალებების ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალოს დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან სამწუხაროდ, დიდიხანია მიჩვეულები ვართ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ“, – განაცხადა კობახიძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი