ირაკლი კობახიძე - შეკვეთილი სტატიების უკან ჩანს ლობისტური ინტერესები და „ნაცმოძრაობის“ შავი ფული, ასეთ სტატიებს, გინდ „პოლიტიკოში“ დაიბეჭდოს და გინდ სხვაგან, ფასი არ აქვს
სერიოზულობის არავითარი ხარისხი არ აქვს იმ სტატიას, რომელიც „პოლიტიკოში“ დაიბეჭდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომ იმ ფონზე, როდესაც „პოლიტიკოს“ სტატიის ავტორი აქტიურად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას სოციალურ ქსელში, ასევე, მსგავსი სტატიების ავტორები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ერთ-ერთი სტატიის ავტორი მოხვდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ FARA-ს ფარგლებში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, როგორც გიული ალასანიას მიერ დაქირავებული, რამდენად სანდო შეიძლება იყოს მსგავსი სტატიები, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავს შეკვეთილ სტატიებს, რომელ გამოცემაშიც უნდა დაიბეჭდოს, არავითარი ფასი არ აქვს.
„ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით ეჭვი, რომ აქ სუფთად არ იქნებოდა საქმე და ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი შეკვეთილი სტატიები ქვეყნდება ხოლმე, მის უკან ჩანს ხოლმე ლობისტური ინტერესები, ფული, მათ შორის, ის შავი ფული, რომელიც თავის დროზე კორუფციის ხარჯზე დააგროვა საქართველოში „ნაცმოძრაობამ“. ასეთ სტატიებს, გინდ „პოლიტიკოში“ დაიბეჭდოს და გინდ სადმე სხვაგან, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. შესაბამისად, დიდი დროც არ უნდა დავუთმოთ ამ ყველაფერს. სამი დღეა, გვიწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ბუნებრივია, სერიოზულობის არავითარი ხარისხი არ აქვს იმ სტატიას, რომელიც დაიბეჭდა „პოლიტიკოში“. ეს არის ჩვეულებრივი შეკვეთილი, ლობიზმის შედეგად დამზადებული სტატია, რომელსაც, რა თქმა უნდა, ნულოვანი ფასი აქვს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.