ირაკლი კობახიძე - შეხვედრის მონაწილე რამდენიმე პოლიტიკოსი იყო ძალიან კონსტრუქციული, თუმცა ტრადიციულად, დესტრუქციული პარტიების პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი მოქმედებებით
იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც იყო ძალიან კონსტრუქციული, თუმცა ტრადიციულად, დესტრუქციული პარტიების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი და დესტრუქციული მოქმედებებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ნაწილს მოლაპარაკების ჩაშლა სურდა.
„გუშინ იყო განხილული რამდენიმე პუნქტი, დღეს იყო განხილული დამატებით რამდენიმე. გუშინ იყო შედარებით უფრო მარტივი თემები და იქ პრინციპულად იყო ძირითად საკითხებზე შეჯერებული პოზიციები. გუშინდელი პუნქტები ვერ იქნებოდა დაბრკოლება საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევისთვის. დღეს იყო დამატებით ორი პუნქტი განხილული. ორივე პუნქტთან დაკავშირებით მივიღეთ ისეთი ულტიმატუმები, რომლებიც პირდაპირ აჩვენებდა, რომ ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა. მე უნდა გავმიჯნო პოლიტიკური პარტიები. იყო რამდენიმე წარმომადგენელი, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც იყო ძალიან კონსტრუქციულია ამ მოლაპარაკებებში, თუმცა ტრადიციულად დესტრუქციული პარტიების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი და დესტრუქციული მოქმედებებით, თქვენ არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, თუ ვინ იყვნენ ასეთი პოლიტიკოსები“, – განაცხადა კობახიძემ.