ირაკლი კობახიძე - შეჩერების მექანიზმის კუთხით ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ დაემუქრება
საუბარი თუ არის კრიმინალზე, იქ ზომებს შესაბამისი სახელმწიფო იღებს, ჩვენ კი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა დავიცვათ. აქედან გამომდინარე, ქართული მხარე ბუნებრივია, ჩაერთვება პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლოა, თუ არა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არალერევანტული იქნება.
„ეს არარელევანტურია. ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ და არავითარი უარყოფითი პერსპექტივა ამ კუთხით არ არსებობს. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებთან და ეს იმის კარგი გარანტია და საწინდარია, რომ ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ. შესაბამისად, შეჩერების მექანიზმის კუთხით ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ დაემუქრება,” – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე სპეკულაციად აფასებს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ საქართველოდან ემიგრაციის პროცესის შესაჩერებლად, ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.
„ეს ცალსახა სპეკულაციებია. 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლება გადავიბარეთ, მაშინ ქვეყნის მთლიანი დიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 3 600 დოლარი იყო და სიღარიბის მაჩვენებელი მილიონ 150 ათასი ადამიანი იყო. ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია. ამის შემდეგ ქვეყანა ვითარდება. დღეს მთლიანი შიდა პროდუქტი გაზრდილია თითქმის ხუთი ათას დოლარამდეა. რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბის მაჩვენებელი 800 ათასი ადამიანია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. სიღარიბე ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, თუმცა ამ წლების განმავლობაში მილიონ 150 ათასიდან 800 ათასამდეა დასული ეს მაჩვენებელი. ამ 800 ათასიანი მაჩვენებლის შემცირებას შემდგომი წლები სჭირდება, ვიდრე ქვეყანაში ასეთი ვითარებაა ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. ბუნებრივია, იმიგრაციის რისკი და ამას შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება”, – განცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, დადებითი ეკონომიკური ტენდენციის მიუხედევად, საქართველოს წლები დასჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტანდარტებს მიუახლოვდეს.
„ვიდრე ბოლომდე ამ სტანდარტს არ დავუახლოვდებით, სულ რომ ადამ სმიტი და გენიოსები ჩამოიყვანონ სამწუხაროდ, არაერთი წელი დასჭირდება. იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებას თავის ზღვარი აქვს. მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველთვის პრობლემა იქნება იმიგრაციის კუთხით. როგორც კი, ეს სხვაობა შემცირდება, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის, ამის შემდეგ პრობლემა უკვე აღმოფხვრილი იქნება. ამიტომ, ეკონომიკაზე მითითება, ეს არის სპეკულაცია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ესპანეთში სპეცოპერაციის დროს საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, ესპანეთში საქართველოს კიდევ 41 მოქალაქეა დაკავებული საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის.