ირაკლი კობახიძე - შარშან ვამბობდი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია აუცილებლად იქნებოდა აგებული პერსონალურ შეურაცხყოფაზე, აგრესიასა და სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი
იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს აღმასრულებელი კომპეტენციები მინიჭებული, მას ვერ ექნება პროგრამა, მას ვერ ექნება დაპირებები, ასეთ პირობებში შეუძლებელია ჯანსაღი საარჩევნო კამპანიის წარმართვა. შარშან ვამბობდი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იქნებოდა ამის საუკეთესო დასტური და აუცილებლად იქნებოდა აგებული პერსონალურ შეურაცხყოფაზე, აგრესიასა და სიძულვილზე, ეს იყო გარდაუვალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ განაცხადა.
მისი თქმით, აბსოლუტურად არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, რადგან აქ შეუძლებელია ჯანსაღი საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვა სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტს ვერ ექნება პროგრამა და დაპირებები.
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად აზრს და შინაარსს მოკლებულია პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა.
„ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების ფუნქცია. მას აქვს არსებითად წარმომადგენლობითი ფუნქციები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ევროპული სტილის გარემოში უნდა აგვერჩია, თუმცა, პროცესი სხვა მიმართულებით წარიმართა. ჩვენ წესით აბსოლუტურად კულტურულ, ევროპული სტილის გარემოში უნდა აგვერჩია პრეზიდენტი, თუმცა სხვა მიმართულებით წარიმართა პროცესები. ვის გამო მოხდა ეს ყველაფერი, თქვენ კარგად ხედავდით, როგორ წარიმართა მთელი პირველი ტური.
ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მხრიდან აბსოლუტურად კულტურული კამპანიაა წარმართული, ევროპული სტილის კამპანია, არც ერთი უარყოფითი შეფასებაც კი არ გვახსოვს, რაიმე უხეში ფორმით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, ამის საპირისპიროდ იყო აბსოლუტურად აგრესიული კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, დაწყებული იმით, რომ მოღალატეს უწოდებდნენ, იმით დამთავრებული, რომ არ ყოფილა არცერთი შეხვედრა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწყო პროვოკაცია. ჩვენი მხრიდან პირველი ტურის განმავლობაში ამის საპირისპირო არცერთი შემთხვევა არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.