ირაკლი კობახიძე - შარშან გარკვეულ ძალებს ჰქონდათ კონკრეტულ სახელმწიფოებზე ზემოქმედების ბერკეტი და ვფიქრობთ, ასე დაიბლოკა სტატუსის მონიჭება, ეს იყო გარე ზემოქმედებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე - შარშან გარკვეულ ძალებს ჰქონდათ კონკრეტულ სახელმწიფოებზე ზემოქმედების ბერკეტი და ვფიქრობთ, ასე დაიბლოკა სტატუსის მონიჭება, ეს იყო გარე ზემოქმედებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება

გარკვეულ ძალებს ჰქონდათ ზემოქმედების ბერკეტი კონკრეტულ სახელმწიფოებზე და ვფიქრობთ, რომ შარშან ასე დაიბლოკა საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, რამ გადაწყვიტა ის, რომ ახლა გახდა ევროკავშირი მზად, პოლიტიკური გზავნილი გაეკეთებინა, რაც არ გააკეთა წელიწად-ნახევრის წინ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „აქ საქმე ევროკავშირში არ იყო“.

„მგონია, რომ აქ საქმე არ იყო ევროკავშირში. ჩვენ ამაზე ღიად ვაკეთებდით განცხადებებს, ჩვენი ღრმა რწმენით, თავის დროზეც, შარშან, ივნისში ევროკავშირის ინტერესებში იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. არაფერში არ სჭირდებოდა ევროკავშირს ის სცენარი, რომელიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ, რა იყო ეს პროცესები, რომლებიც ქვეყანაში ვიხილეთ. ეს იყო ივნისში რევოლუციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღრმავება და ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწორედ კანდიდატის სტატუსის თემას იყენებდა დამატებით პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს ევროკავშირს არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ რეალობას, რომელიც არის. ევროკავშირში გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის წესით, 27 ქვეყანა ერთსულოვნად, ერთხმად იღებს გადაწყვეტილებებებს. ერთი ქვეყანაც რომ გამოაკლდეს, გადაწყვეტილება ვეღარ იქნება მიღებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი რაღაც მოხდა რეალურად შარშან ივნისში, გარკვეულ ძალებს ჰქონდათ ზეწოლის ბერკეტი, ზემოქმედების ბერკეტი, ასე დავარქვათ, კონკრეტულ სახელმწიფოებზე, ქვეყნებზე და ვფიქრობთ, ასე დაიბლოკა საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იყო არა ევროკავშირის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, არამედ იყო გარკვეული გარე ზემოქმედებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. ვიმეორებ, ერთი ქვეყანა საკმარისია, რათა ქვეყნის სასარგებლოდ არ იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული. მათ შორის ეს ეხება კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება წლევანდელ რეალობას, იმ ძალების ინტერესებშიც აღარ შედიოდა უკვე ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არმონიჭება, გამომდინარე იქედან, რომ ამ ძალებისთვის კანდიდატის სტატუსის თემა გაცვდა, როგორც რევოლუციის მოწყობის იარაღი. აქედან გამომდინარე, რა ინტერესიც იყო შარშან, იგივე ინტერესი აღარ იყო რელევანტური წელს. შესაბამისად, აღარ დაიბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება ევროკავშირს, არც წელს იყო ევროკავშირის ინტერესებში ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის არმონიჭება და არც შარშან, თუმცა შარშან, სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით განვითარდა პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.