ირაკლი კობახიძე - შანტაჟის ენით საუბარი არ არის სწორი, მით უმეტეს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა უცხოეთიდან მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ვითარება
ქვეყანაში როდესაც დამკვიდრებული იყო სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმი, როცა პატიმრებს აწამებდნენ, როცა სასამართლო დაქვემდებარებული იყო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს, როდესაც მიტაცება ხდებოდა სატელევიზიო მაუწყებლების, მედიასაშუალებების, მაშინ არავის უსაუბრია სანქციებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, შანტაჟის ენით საუბარი არ არის სწორი, მით უმეტეს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ.
„ჩვენ დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. მანამდე, გახსოვთ, ტოტალურად ყალბდებოდა არჩევნები, 2012 წლის ჩათვლით. 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა სრულიად განსხვავებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება ასევე თავისუფალი და სამართლიანი. მით უმეტეს, რომ ინერგება ახალი ტექნოლოგიები, ამ არჩევნებზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხმის მიცემა მოხდება ელექტრონული წესით, ასევე ამომრჩევლები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონული წესით და ხმები დაითვლება ელექტრონული წესით. ანუ, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება საარჩევნო პროცედურები ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, არჩევნები იქნება, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი.
რაც შეეხება შანტაჟის ენით საუბარს – ეს არის კონტრპროდუქტიული. მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ 2004-2012 წლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები, ქვეყანაში იყო დამკვიდრებული სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმი, როცა პატიმრებს აწამებდნენ, როცა სასამართლო თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებული იყო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს, როდესაც მიტაცება ხდებოდა სატელევიზიო მაუწყებლების, მედიასაშუალებების, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და, პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კითხვები უნდა დაისვას საზოგადოების მხრიდან. შანტაჟის ენით საუბარი არ არის სწორი, მით უმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა პრემიერმა.