ირაკლი კობახიძე - შანტაჟის და საბოტაჟის ფონზე არც ერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს, შესაბამისად, ასეთი იქნება ჩვენი პრაქტიკა სამომავლოდ, ჩვენ გავუფრთხილდებით კონსტიტუციის სტაბილურობას
ირაკლი კობახიძე - შანტაჟის და საბოტაჟის ფონზე არც ერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს, შესაბამისად, ასეთი იქნება ჩვენი პრაქტიკა სამომავლოდ, ჩვენ გავუფრთხილდებით კონსტიტუციის სტაბილურობას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს არსებული კონსტიტუცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას. კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შენარჩუნება.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში უამრავი ცვლილება შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც არ ემსახურებოდა მის დახვეწას, არამედ პირიქით, იყო მიმართული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების რეალიზებისკენ.

„კონსტიტუციის მიღების დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ზუსტად 27 წლის წინ მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუციის პირვანდელი რედაქცია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც საფუძველი დაუდო შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, შემდეგი 20 წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც არ ემსახურებოდა მის დახვეწას, არამედ პირიქით, იყო მიმართული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების რეალიზებისკენ და სამწუხაროდ, მოხდა კონსტიტუციის დამახინჯება არაერთგზის.

გავიხსენებ პირველ რიგში 2004 წლის ანტიკონსტიტუციურ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შემდეგ იგივე განმეორდა უკვე 2010 წელს, ორივე მოხდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, მოხდა რეალურად კონსტიტუციის ამ პარტიის ინტერესებზე მორგება და ჩვენ დაგვხვდა ზუსტად კონსტიტუციის ასეთი რედაქცია, როდესაც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია. შეიძლება, თამამად ითქვას, ჩვენი 30-წლიანი უკანასკნელი ისტორიის მანძილზე დღეს პირველად გვაქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამავდროულად, კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციის სტაბილურობა არის სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ჩვენი კონსტიტუციის არც ერთი ძირითადი ნორმა არ შეცვლილა, ჩვენ ვუფრთხილდებით კონსტიტუციის ძირითად ტექსტს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შეიცვალა კონსტიტუციის გარდამავალი დებულებები, რისი საფუძველიც იყო პოლიტიკური შანტაჟი, საბოტაჟი და ა.შ. ასეთივე ცვლილების განხორციელება მოგვიწევს ჩვენ წელსაც, მაგალითად, პროკურორის ნაწილში, თუმცა ეს პრაქტიკაც უნდა დასრულდეს. ბუნებრივია, არავითარი შანტაჟის და საბოტაჟის ფონზე არც ერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს, შესაბამისად, ასეთი იქნება ჩვენი პრაქტიკა სამომავლოდ, ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს კონსტიტუციის სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.