ირაკლი კობახიძე - შამბამ პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვამტკიცებდით
ირაკლი კობახიძე - შამბამ პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვამტკიცებდით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა თავის ბოლო განცხადებებში აღიარებს იმას, რაზეც ოფიციალური თბილისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში საუბრობს. ირაკლი კობახიძე აფხაზი ხალხის დამოუკიდებლობის ხარისხზე აკეთებს აქცენტს.

„საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, შამბამ აღიარა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე. თქვენ იცით, როგორია დღეს დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა შამბამ. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მშვიდობიანია და ამ მიმართულებით, ნაბიჯები იდგმება.

„ჩვენ ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის. თუმცა, არის ხელოვნური ბარიერები და ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც ართულებს ამ პროცესს. ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს შორის ურთიერთობების დაახლოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან და ვითარება თუ არ გამოსწორდება, მათ „მუხლებზე დადგომა და საქართველოს ან რუსეთისთვის მათ შემადგენლობაში მიღების თხოვნა მოუწევთ“.