ირაკლი კობახიძე - შალვა თადუმაძე ჯერ არ არის დასახელებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, მისი შემცვლელის თაობაზე კი, სპეკულაციებს ვხედავთ
შალვა თადუმაძეს ვიცნობთ, როგორც პროფესიონალს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, შალვა თადუმაძე ჯერ არ არის დასახელებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, თუმცა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მისი შემცვლელის შესახებ სპეკულაციები დაწყებულია.
„შალვა თადუმაძეს ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ. მას ვიცნობთ, როგორც პროფესიონალს და შეფასების საფუძველი ეს არის. თუმცა ჯერ არც შალვა თადუმაძეა დასახელებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად. ამ გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და უკვე ვხედავთ, რომ სპეკულაციებია შალვა თადუმაძის შემცვლელის თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატს შორისაა.