ირაკლი კობახიძე - სექტემბერში აუცილებლად გადავსინჯავთ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ
მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ამ მსჯელობაში და ამ სულისკვეთებით გადაიხედება ეს ორგანული კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს შრომის უსაფრთხოების კანონზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, მუშაობა დაწყებულია და მაქსიმუმ, სექტემბერში, კანონი გადაისინჯება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაარსის გადახედვასთან ერთად, ამაღლდება კანონის სტატუსი, რათა საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები გაუმჯობესდეს.
„ჩვენ მივიღეთ კანონი შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და დაგეგმილია, მათ შორის, კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესის, ასე ვთქვათ, ნაწილად ამ კანონის გადახედვა. სექტემბერში აუცილებლად გადავსინჯავთ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ.
სტატუსი ასევე ამაღლდება ამ კანონის. ნაცვლად ჩვეულებრივი კანონისა, ეს იქნება ორგანული კანონი და გადაიხედება ამ კანონის შინაარსიც იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში. ეს იყო ჩვენი გაცხადებული ნება. ჩვენ საუბარი გვქონდა დაახლოებით ორი თვის უკან აქტიურად ამაზე და მუშაობა არის დაწყებული. მუშაობა გრძელდება და ჩვენ, მაქსიმუმ, სექტემბერში, მივიღებთ ახალ ორგანულ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, სადაც იქნება ასახული შესაბამისი ცვლილებები.
მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ამ მსჯელობაში და ამ სულისკვეთებით გადაიხედება ეს ორგანული კანონი“, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.