ირაკლი კობახიძე -  სენატორებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან
ირაკლი კობახიძე -  სენატორებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან

სენატორებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა დელეგაციამ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან. როგორც მოგეხსენებათ ისინი განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომელიც ვითარდება ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სენატორებს იმასთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე, იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების, რჩევის მოსმენა. ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება ჩვენი მხრიდან შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.

შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.