ირაკლი კობახიძე - სენატორები არიან ჩვენი მეგობრები, მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, რომ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში საქართველოს მყარი მხარდაჭერაა ასახული
სენატორები არიან ჩვენი მეგობრები, მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სენატორებთან საინტერესო შეხვედრა შედგა.
„პირველ რიგში, მადლობა გადავუხადეთ მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სენატორები არიან საქართველოს განსაკუთრებული მეგობრები. მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული. ეს ჩვენ გვეხმარება საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაში და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში. ამ კუთხით ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. ასევე მათი როლი იყო მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით. გვქონდა შეხვედრა სენატორ შაჰინთან, ცოტახნით ადრე ვიდრე ხელი მოეწერებოდა აპრილის შეთანხმებას და ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით საბოლოო ჯამში და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას. ეს იყო გამარჯვება არამარტო ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს იყო გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესიც სენატორ შაჰინს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: „ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის გათავისუფლებული. ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ასევე ვუთხარით ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც, როგორც ამას მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს, დამტკიცდება ძალიან მალე. შესაბამისად, შეთანხმების ეს პუნქტი აღსრულებული იქნება ძალიან მალე. შეხვედრებზე ვიყენებთ შესაბამის ოფიციალურ ტერმინს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ რეალურად ორი კრიმინალი გათავისუფლდა, ერთს ედებოდა ბრალი კონკრეტულ საქმეზე, მეორეს მართალია სხვა საქმეზე, მაგრამ ჰქონდა წაყენებული ბრალი და დაუმტკიცდა. შესაბამისად, ორივე პირის კრიმინალობა არის დადასტურებული“.