საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სენატორ კორი გარდნერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი და კონგრესმენების მიერ ინიცირებული ორპარტიული წერილი იყო, რომლითაც კონგრესის წევრები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა.
სენატორის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
მისივე თქმით, საქართველო, რომელმაც ბოლო წლებში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და სანდო მოკავშირეა, რასაც, როგორც სენატორმა აღნიშნა, მისი ქვეყანა განსაკუთრებულად აფასებს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.