ირაკლი კობახიძე - სცადეს, დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, ნათელია, რას ემსახურებიან კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები
სცადეს, რაღაცნაირად დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, სინამდვილეში, ამ ყველაფერს აკეთებდა კეზერაშვილი, ეს ყველაფერი ალბათ ნათელია საზოგადოებისთვის, უმარტივესი სქემაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილისა და ბიზნესმენ ვანო ნაკაიძის ეკუთვნოდათ გემი, რომელიც ბათუმში შემოვიდა და, რომელზეც ელენე ხოშტარია საუბრობდა, რომ შემოიტანეს რუსული ნავთობი.
„თავისთავად, სქემა არის ძალიან საინტერესო. შემოდის გარკვეული გემი, ეს გემი დაკავშირებულია კეზერაშვილთან. შემდეგ, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ხოშტარია ამ გემთან დაკავშირებით ატარებს ბრიფინგს, რომ ამით ხდება სანქცირებული ტვირთის შემოტანა საქართველოში. ეს სქემა არის ძალიან საინტერესო, მარტივად არის შეფუთული ის მიზანი, რომელიც იდგა ამ ყველაფრის უკან. სცადეს, რაღაცნაირად დაელაგებინათ, თითქოს საქართველო უზრუნველყოფდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას, სინამდვილეში, ამ ყველაფერს აკეთებდა კეზერაშვილი. ეს ყველაფერი ალბათ ნათელია საზოგადოებისთვის, არის უმარტივესი სქემა, რომელიც გაიშიფრა, რაზეც დამატებითი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას ემსახურებიან საქართველოში კეზერაშვილი, ხოშტარია და მათი პარტნიორები“, – განაცხადა კობახიძემ.