ირაკლი კობახიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელზე არგუმენტად მოვისმინე აუდიტის დასკვნა, რომელიც არ ეხება არც ამ მენეჯმენტს და არც კანონპროექტს
14:29, 16.02.2018
საინტერესოა, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნის გაშუქების დროს, ერთ-ერთმა ტელევიზიამ, დასკვნას დაადო ვასილ მაღლაფერიძის ფოტო, მაშინ როდესაც დასკვნა ეხება იმ პერიოდს, როდესაც ვასილ მაღლაფერიძე საერთოდ არ იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ჩართული, აი ეს არის რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, მან დღევანდელ შეხვედრაზე მედიის იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებენ, კანონთან დაკავშირებით არგუმენტები ვერ მოისმინა.
„დღეს თქვენ არგუმენტად მოიყვანეთ აუდიტის დასკვნა ისეთ რაღაცასთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ არ ეხება არც ამ მენეჯმენტს და არც ამ კანონპროექტს, საქმე ეხება იმას, რომ აუდიტის სამსახურმა დადო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომე იყო სერიოზული პრობლემები საზოგადოებრივ მაუწყებელში, ამ წლების განმავლობაში, რაც არის დადასტურებული, მათ შორის თქვენი მონაცემებით, უფრო სწორად ტვ პირველმა გამოგზავნა მონაცემები და იმ დროს, როდესაც ყველაფერი „ყვაოდა“ საზოგადოებრივ მაუწყებელში, როდესაც „არ იყო კრიზისი“, გვქონდა ასეთი მონაცემები, აი პირველი არხის მონაცემები მაქვს აღებული. აუდიტორიაზე წლიური წილი იყო 5.67 პროცენტი, 14-ში გახდა 4.33 პროცენტი, შემდეგ – 3.79%, 3.68%. 3.65%, 3.23%.
როცა ყველაფერი „ყვაოდა“ საზოგადოებრივ მაუწყებელში და „კრიზისი არ იყო“ და წელს დაგვიდგა კრიზისი თურმე, ეს მოვისმინე, საზოგადოებრივ მაუწყებელს თურმე წელს დაუდგა კრიზისი. როცა „ყვაოდა“ საზოგადოებრივი მაუწყებელი და როცა იყო ეს ამბები, მაშინ იყო კლების ტენდენცია წლიდან წლამდე, ზუსტად ამას ასახავს აუდიტის დასკვნა, სადაც წერია, რომ მენეჯმენტი იყო არამარტო არაეფექტური, არამედ პირდაპირ არის მითითება იმაზე, რომ ხარჯი მიდიოდა ძალიან არასწორი ფორმით, პირდაპირ წერია აუდიტის დასკვნაში, რასაც კავშირი არც კანონპროექტთან აქვს და არც დღევანდელ მენეჯმენტთან და შესაბამისად, ეს არგუმენტად ვერ გამოიყენება. თუ არ იყო ეფექტური მენეჯმენტი ან ბორდი ან ვინმე სხვა, ეს ცალკე თემაა და ეს ყველაფერი ასახულია აუდიტის დასკვნაში. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ კანონპროექტზე, რომელიც აწესრიგებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალს.
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ რაღაც იყო ცუდი, მაგრამ ამ ცუდს ჩვენ კი არ ვაუარესებთ, საუბარია იმაზე, რომ მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებელში უნდა დაიწყოს ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს მთლიანად მენეჯმენტს, მათ შორის, გააუმჯობესებს იგივე თუნდაც შესყიდვებს. აუდიტის სამსახურის დასკვნის მოყვანა არგუმენტად არის არასწორი, ვინაიდან იქ მარტივად წერია, რომ ფული არასწორად იხარჯებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტში სამეურვეო საბჭოს უფლებებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა.
„მენეჯმენტის ანა-ბანაა ის, რომ ბორდმა, გინდა იყოს ეს მაუწყებელი ან და ნებისმიერი საერთაშორისო ან კომერციული ორგანიზაცია, ბორდმა რომ თანხმობის გარეშე არ შეიძლება, შეუცვალოს მენეჯმენტს ბიუჯეტი, ეს არის მენეჯმენტის ანა-ბანა. ეს ანა-ბანა იყო სხვანაირად მოწესრიგებული, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა, მათ შორის პოლიტიკური, ეს იყო სიმახინჯე, შეგნებულად ჩადებული, როდესაც „ყვაოდა“ საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ არ ვცდები 2013 წელს, და ეს სიმახინჯე გასწორდა, ამაზეა საუბარი, ამაში მეც ვიყავი ჩართული და ეს სიმახინჯე, რომელიც არ შეიძლება მენეჯმენტში არსებობდეს, რომ ბორდი მენეჯმენტს მის დაუკითხავად უცვლის ბიუჯეტს, არის გასწორებული. თუ ამას ვამბობთ, რომ ეს არის ცუდი და სამეურვეო საბჭოს ეზღუდება უფლებები, ეს ძალიან კარგი ცვლილებაა, რომელიც გამომდინარეობს უმარტივესი ჭეშმარიტებიდან, რაც წერია მენეჯმენტის ნებისმიერ სახელმძღვანელოში, რომ ბორდი არ შეიძლება, თავისით, თანხმობის გარეშე, უცვლიდეს მენეჯმენტს ბიუჯეტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.