ირაკლი კობახიძე - საზოგადოებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთიანობა, სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ბიძინა ივანიშვილის წერილი
9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს ერთიანობისა და ერთსულოვნების მნიშვნელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილსა და 9 აპრილის შემდეგ.
„შემდეგ გვახსოვს მოვლენების განვითარება და მთავარი, რამაც განაპირობა პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, იყო სწორედ ერთიანობის არარსებობა და განხეთქილება საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ისტორიულ გამოცდილებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს ერთიანობა და ერთსულოვნება. სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი წერილი, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. არის რადიკალიზაციის, განხეთქილების მცდელობა და ეს აწყობთ რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ, რევანში და არა სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფოს წინსვლა, აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა მივცეთ რადიკალიზაციის შესაძლებლობა. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოების ერთიანობას და საზოგადოების დარაზმვას საერთო მიზნის გარშემო. ეს საერთო მიზანია სახელმწიფოს განვითარება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება და კეთილდღეობის დონის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.