ირაკლი კობახიძე - საზოგადოება კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება ქვეყანას და ვინ სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს მას, აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა
საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის 30%-ზე ნაკლები.
„აქ საუბარი იყო ჩვენს პოლიტიკურ რეიტინგებზე, მმართველი გუნდის პოლიტიკურ, პარტიულ რეიტინგზე, რომელიც არის ისტორიულ მაქსიმუმზე და სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ამას სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს. პირველი – ეს არის ის, რომ, ურთულესი გამოწვევების, ოპოზიციის და კონკრეტული სხვა სუბიექტების ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება; მეორე – ჩვენ გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და, საბოლოო ჯამში, ესეც განაპირობებს მოსახლეობის დადებით განწყობას მოქმედი ხელისუფლების მიმართ; დამატებით მესამე ფაქტორი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სრული უსუსურობა. საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე. წინა არჩევნებზე თუ მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. რეალურად, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი და უნდა დააბრალონ იმ არასწორ გზას, რომელსაც ისინი ადგანან, უკვე რამდენი ხანია, ორ ათწლეულზე მეტია. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აქ ხუთ რიგსაც ვერ შეავსებს. რაც ნაკლები, მით უკეთესი. მათ შორის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისთვის.
ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა არის მაქსიმალურად ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებაზე ყველა მიმართულებით. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც არის სწორედ ომის და რეგრესის პარტია. ერთ მხარეს ინტერესი არის მშვიდობა, პროგრესი, წინსვლა და მეორე მხარეს – ომი და რეგრესი. ამასაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს“, – განაცხადა პრემიერმა.