ირაკლი კობახიძე - საზოგადოება ძალიან მარტივად გაშიფრავს ნებისმიერ მცდელობას, რომ ნინო ლომჯარიას „ნაცური“, ახალი გაერთიანება ვიღაცას შუაშისტად შეასაღონ, თქვენც ხომ იცით, რომ ლომჯარია „ნაცია“
საზოგადოება ძალიან მარტივად გაშიფრავს ნებისმიერ მცდელობას, რომ ნინო ლომჯარიას „ნაცური“, ახალი გაერთიანება ვიღაცას შუაშისტად შეასაღონ, თქვენც ხომ იცით, რომ ლომჯარია „ნაცია“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა.
ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ დაფუძნებულ პლატფორმაზე „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ „ნინო ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ, იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც“.
როგორც კობახიძემ განაცხადა, 2020 წელს გლობალური ომის პარტიას ჰქონდა მცდელობა, „ლელო“ წარმოეჩინა როგორც შუაშისტური ფრთა, რომელსაც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მოგვიანებით უნდა დაელაგებინა კოალიცია.
„არ გამოუვიდათ. „ლელო“ როგორ უნდა წარმოაჩინო შუაშისტად, როცა მათი ლიდერი პირდაპირ ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძე უჩივის კობახიძეს ცილისწამებასთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა: „შეუძლია, უჩივლოს საბასაც და კიდევ გრიგოლ გეგელიასაც ზევიდან მოყოლებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, მორიგი წარუმატებელი მცდელობაა, შუაშისტური, რეალური ნაციონალური ძალა შეიქმნას. მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, რეალურ მესამე ძალას არავითარი რესურსი არ აქვს, სათანადოდ შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესში.
„2021 წელს იყო გახარია. როგორ იტყუებოდა მაშინ, იგივე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი მედია, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ იტყუებოდნენ, მაშინ ასეთი ნარატივი ჰქონდათ, რომ გახარია იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ვერ მოატყუეს ვერც იქ საზოგადოება. ახლა ლომჯარიათი როგორ უნდა მოატყუო ქართველი ხალხი, ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს ადამიანი პირდაპირ არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, გაქანებული „ნაციონალი“. გახარია ვერ მიჰყიდეს საზოგადოებას, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვით ადრე პრემიერი იყო. გახარია ვერ მიჰყიდეს და ლომჯარია როგორ უნდა მიჰყიდო შუაშისტად ქართულ საზოგადოებას, ეს წარმოუდგენელია. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები, საერთოდ ვერ გრძნობენ სიტუაციას ჩვენს ქვეყანაში. ვერ გრძნობენ, რომ, მაგალითად, ლომჯარიას ვერ მიჰყიდი ხალხს შუაშისტად, ვერც დათო ტურაშვილს. კაცი გამოდის კეზერაშვილის ტელევიზიიდან, რაღაც მაღალ მატერიებზე მოძღვრავს საზოგადოებას. სწორად იყო ამ წერილში ნათქვამი. ასეთი კაცი როგორ უნდა მიჰყიდო ხალხს შუაშისტად. რა თქმა უნდა, ვერ მიჰყიდი.
აქედან გამომდინარე, ეს არის მორიგი წარუმატებელი მცდელობა, რაღაც შუაშისტური, რეალური ნაციონალური ძალა შექმნან. როგორც ჩავარდა წინა პროექტები, ასევე ჩავარდება ეს პროექტიც, ნებისმიერი სხვა პროექტიც. საზოგადოებამ იცის, რომ სინამდვილეში, სამწუხაროდ, არის ორი მხარე. ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მთელი ეს პროცესები წარიმართება ამის გარშემო. რეალურად, რესურსები არის კონცენტრირებული ორი მიმართულებით. მაგალითად, რომ ავიღოთ ოპოზიციური ტელევიზიები, ასევე ფული, რაც ოპოზიციაშია, ყველაფერი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელში. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, რეალურ მესამე ძალას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ სათანადოდ შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესში, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოება ძალიან მარტივად გაშიფრავს ნებისმიერ ასეთ მცდელობას, რომ „ნაცური“, ახალი გაერთიანება ვიღაცას შეასაღონ როგორც შუაშისტად. თქვენც ხომ იცით, რომ ლომჯარია „ნაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.