საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახალხო დიპლომატიის წარმატებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ცდილობს მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული.
„ჩვენ აღვნიშნავთ ამ დღეებში დამოუკიდებლობის აღდგენის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, რომლის მთავარ შემოქმედებს ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება საზღვარგარეთ მოუხდათ.
ისტორიულმა უსამართლობამ და განსაცდელმა ქართველ ხალხს დაანახა, რომ ჩვენთვის უმთავრესია სამშობლოს ერთგულება, სამშობლოს ერთიანობა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომა.
დღეს ჩვენს ხალხს კვლავ სჭირდება ყველა ეს თვისება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა. ქართულ დიასპორას ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სახალხო დიპლომატიის წარმატებაში.
საქართველოს პარლამენტი ცდილობს მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული.
ქვეყნის წინსვლაში დიასპორის ფასდაუდებელი როლის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ღირსეული ადგილი განუსაზღვრა სიტყვებს და ტერმინს „თანამემამულეს“ და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს“. ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ ინიციატივას საკონსტიტუციო კომისიაში არც ერთი მოწინააღმდეგე არ ჰყოლია და ეს საკითხი ერთხმად იყო მხარდაჭერილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრთა მიერ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ დიასპორას ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით ეკიდება.
ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც ზღუდავდა ორმაგ მოქალაქეობას. კონსტიტუციის ეს ნორმა პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. შესაბამისად, შეზღუდვა მოხსნილია და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენს თანამემამულეს შეეძლება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ამჟამად, წარიმართება მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე, რომლითაც დაკონკრეტდება სათანადოდ ეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ჩანაწერი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, პარლამენტში მიმდინარეობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწონებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის დაფინანსების და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.
„პარლამენტი ასევე აქტიურად მუშაობს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის ახლებურად გააზრებასა და მის შესაბამისობაში მოყვანაზე ქართული სახელმწიფოსა და დიასპორის წინაშე მდგარ გამოწვევებთან. დღეს აშკარაა, რომ ეს ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე უნდა გადავიდეს და აქ უმთავრესი როლი საზღვარგარეთ მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა უნდა იკისრონ.
დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ასევე ევროინტეგრაციის პროცესში, უნდა გაძლიერდეს მათი საქმიანობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში. ამიტომაც, კანონში ცვლილება უზრუნველყოფს ორგანიზაციების გაძლიერების, სტიმულირებისა და მათთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შექმნას. ცვლილება ხელს შეუწყობს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ეფექტურობას და ეფექტიანობას. ამიტომაც, კანონპროექტზე მუშაობა უნდა განხორცილდეს დიასპორული ორგანიზაციების ძალიან აქტიური ჩართულობით და ეს იქნება კიდეც უზრუნველყოფილი.
ვფიქრობ, რომ გამოსაძებნია ახალი ფორმა, რაც, ზოგადად, საკანონმდებლო საქმიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მონაწილეობას გაზრდის. გთავაზობთ ერთობლივად ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტსა და ქართულ დიასპორას შორის მუდმივი კავშირის შენარჩუნებისა და გაღრმავებისათვის პარლამენტში მოქმედებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, ასევე შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს დიასპორის საკითხზე მომუშავე მკვლევარებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებსა და სხვა სპეციალისტებს.
ყველა ეს საქმიანობა მიმართულია ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერისაკენ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ.
მინდა გისურვოთ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმოჩენა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება ქართული დიასპორის ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.