ირაკლი კობახიძე - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები, რაც ამოქმედდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირდაპირ იძლევა კონკრეტულ შედეგებს ადამიანებისთვის
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება ეს იყო სწორედ ღირებულებითი არჩევანი. პოლიტიკის ცენტრში უნდა იდგეს ადამიანი, რაც სრულიად განსხვავებულად იყო 2012 წლამდე, პირიქით, ადამიანის ღირსება იყო ის, რასაც ყველაზე მეტად ლახავდა მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
„ჩვენ აქ ციფრებიც წარმოვადგინეთ, 4-ჯერ არის გაზრდილი მთლიანობაში სოციალური ბიუჯეტი, ცალკე ჯანდაცვის დანახარჯები და საბოლოო ჯამში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი ჯანდაცვის პროგრამები, რაც ამოქმედდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირდაპირ იძლევა კონკრეტულ შედეგებს ადამიანებისთვის. აქაც კონკრეტული ციფრები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც წარმოვადგინეთ. 72 წელი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და ეს მაჩვენებელი არის 75 წლამდე გაზრდილი. ამის შესაბამისად, იგივე პენსიონერების რაოდენობა რომ ავიღოთ, საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა 155 ათასით არის გაზრდილი. ეს 155 ათასი ადამიანი იყო განწირული წინა ხელისუფლების პირობებში ელემენტარულად უსახსრობის გამო. ადამიანები უსახსრობის გამო ვერ მიმართავდნენ ჯანდაცვის დაწესებულებებს. 5-ჯერ არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ, რომლებიც ფინანსური სახსრების გამო დღეს ვერ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდება და კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ეს არის იმ პროგრამების დამსახურება, რაც ამოქმედდა. ეს პროგრამები იძლევა კონკრეტულ შედეგს. 3 მილიონ 300 ათასმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. 8.5 მლრდ ლარი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის და არის უამრავი ცალკეული შემთხვევა, რომლებიც დაფინანსდა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მომავალშიც პროგრამის განხორციელება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.