ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, განურჩევლად ადგილსამყოფელისა, ჩვენ სააკაშვილის დაცვაც კი გვევალება, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის და მაინც ვუვლით, ვპატრონობთ
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, განურჩევლად ადგილსამყოფელისა, ჩვენ სააკაშვილის დაცვაც კი გვევალება, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის და მაინც ვუვლით, ვპატრონობთ

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად ადგილსამყოფელისა. კეთილი ინებონ, ჩაიხედონ კონსტიტუციაში. ჩვენ გვევალება მიხეილ სააკაშვილის დაცვაც კი. ასეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი და მასზეც კი ზრუნავს სახელმწიფო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას კონსტიტუციის ხსენება აღიზიანებს.

„პირი თუ ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, ამ შემთხვევაში, საკითხის შესწავლა იწყება და შესაძლოა, მათ შორის, დღის წესრიგში დადგეს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი. როგორც ვიცი, ამ საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციას. ეს არის უწყებების საქმე, დაელოდეთ და ვნახოთ, რა იქნება. ოპოზიციას ძალიან აღიზიანებს ხოლმე კონსტიტუციის ყოველი ხსენება, რადგან მათი მთავარი ამოცანაა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა. რევოლუციას სხვანაირად ვერ მოაწყობენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად ადგილსამყოფელისა, განურჩევლად ყველაფრისა და კეთილი ინებონ, ჩაიხედონ საქართველოს კონსტიტუციაში. საუბარი იმაზე კი არ არის, ფარცხალაძე იქნება, ირაკლი კობახიძე, პეტრე თუ პავლე, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დაცვაც კი გვევალება. მიხეილ სააკაშვილსაც კი ვიცავთ, ვუვლით, ვპატრონობთ, ვზრუნავთ საავადმყოფოში. ასეთი დანაშაულები აქვს კაცს ჩადენილი და მასზეც კი ზრუნავს სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეც არ არის და მაინც ვზრუნავთ – მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს. ყველას მიმართ მფარველობა არის სახელმწიფოს ვალდებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება, გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ.

„რაც შეეხება სხვა პირთა მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ბოლო შემთხვევაშიც იყო 149 არამოქალაქე. ზოგადად, სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები. ეს სხვა თემაა, მაგრამ სხვაა, როცა საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს. დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება იქნას შესწავლილი, მაგრამ საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება, გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ. როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროც სწავლობს მოქალაქეობის საკითხს, ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ვიდრე პირი საქართველოს მოქალაქეა, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება, გავრცელდეს არამოქალაქეზე. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი თემა. შეიძლება, ოროსანი ანა ბუჩუკური ვერ ერკვეოდეს ასეთ თემებში, რომან გოცირიძე არ არის იურისტი და ეპატიება. რომან გოციირძემ ხანდახან კარგი ხუმრობები იცის, მაგრამ სერიოზულ თემებზე საუბარი ძალიან უჭირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.