ირაკლი კობახიძე - სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო ოთხი წელი პირველ ადგილზე იქნება ეკონომიკური ზრდით, ეკონომიკური ზრდა არის მთავარი, რაც ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას განაპირობებს
ეკონომიკური ზრდა არის მთავარი, რაც განაპირობებს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, მათ შორის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მიღწევებზე 2012 წლიდან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საქმიანობის პირველი რვა წელი იყო საკმაოდ რთული, რთულ პერიოდს დაემთხვა რეგიონში და გლობალურად.
„ამ პერიოდში რეგიონმა გამოიარა ორი კრიზისი, ეს იყო 2015-2016 წლები, როდესაც უკრაინის პირველი ომის შემდეგ იყო რეგიონული კრიზისი და მაშინ საქართველოშიც გადმოვიდა ეს ყველაფერი. გვქონდა ეკონომიკური კრიზისული ვითარება და სავალუტო კრიზისი ჩვენს ქვეყანაში 2015-2016 წლებში და შემდეგ მეორე კრიზისი იყო კოვიდთან დაკავშირებული, როცა ჩვენი ეკონომიკა 6.5%-ით შემცირდა. ნახევრად გაჩერებული იყო მაშინ ქვეყანა კოვიდის გამო. ამის მიუხედავად, პირველი რვა წლის განმავლობაშიც კი ჩვენ მოვახერხეთ და თითქმის გავაორმაგეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2012 წელს იყო მხოლოდ 28 მლრდ ლარზე ნაკლები და უკვე 2020 წლისთვის გახდა 50 მლრდ ლარი, ამ ორი უმძიმესი კრიზისის მიუხედავად. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩვენი წარმატება, ეკონომიკური წინსვლა გასული ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021-2022-2023 წლებში იყო 9.7% და წელს, პირველი რვა თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა იყო 10%, რითიც ჩვენ პირველ ადგილზე ვართ არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით. 2024 წელს გაიმეორა სავალუტო ფონდმა, რომ საქართველო პირველ ადგილზე იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში და ჩვენს ფართო რეგიონში. ასევე, სავალუტო ფონდმა წარმოადგინა საშუალოვადიანი პროგნოზი 2028 წლის ჩათვლით და ეს პროგნოზიც აცხადებს იმას, რომ საქართველო ამ საშუალოვადიან პერსპექტივაშიც, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.