ირაკლი კობახიძე - საუბარია ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს
ირაკლი კობახიძე - საუბარია ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს, არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე, ფაქტობრივად საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და ერთმანეთისგან გამიჯნული ყოფილიყო გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები.

თუმცა, კობახიძის განმარტებით, გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო, ასე არ მოხდა და ახლა არის დრო, ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნულ სამსახურს არათუ ფუნქციები აკლდება, არამედ პირიქით, გამოძიების ნაწილში ემატება.

„რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, ფაქტობრივად საყოველთაო რეკომენდაცია თავის დროზე იყო ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები, ეს იყო საყოველთაო რეკომენდაცია. თავის დროზე, კონკრეტული რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს ასე არ გაკეთდა, ასე არ მოხდა. ახლა არის დრო, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით სინამდვილეში. არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში. ინსტიტუციურად ამას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენეს პირველ რიგში სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

„როცა მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ ჩვენ საქმის კურსში პირველ რიგში სამსახურის ხელმძღვანელი. ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი. ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, რაზეა საუბარი – არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული. ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო, ხომ არის აბსურდი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამას არ გავშლი. არ ვასახელებ არავითარ გვარს. თავის დროზე, გუნდში უმრავლესობა იყო მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ინსტიტუციურად. ჩვენ არავითარი პრობლემა კონკრეტულად ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება.