ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ

გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის.

რაც შეეხება პროცედურასა და კრიტერიუმებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით,გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რაც არის იერარქიაში უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რათა სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ამ მიმართულებით ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველასთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კრიტერიუმებს შორის იყოს, არის თუ არა გასაჩივრებული მოსამართლის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გასაჩივრება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი ვერ გახდება.

„გასაჩივრება, თავისთავად, ბუნებრივია, ვერ გახდება მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი. თუ რაიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს, ბუნებრივია, კრიტერიუმებს შორის ესეც შეიძლება იყოს. ყველა საკითხისთვის ჩვენ მზად ვართ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.